KAFKASSAM – Kafkasya Stratejik Araştırmalar Merkezi

  1. Anasayfa
  2. »
  3. Gürcistan
  4. »
  5. ზაზა წურწუმია: თურქულ ბიზნესს აფხაზეთში ლიკვიდაცია ემუქრება

ზაზა წურწუმია: თურქულ ბიზნესს აფხაზეთში ლიკვიდაცია ემუქრება

Zaza Tsurtsumia Zaza Tsurtsumia - - 6 dk okuma süresi
878 0

ზაზა წურწუმია: თურქულ ბიზნესს აფხაზეთში ლიკვიდაცია ემუქრება

ზაზა წურწუმია, პროფესორი, თურქეთმცოდნე

2015 წელს მოულოდნელად თავი იჩინა რუსეთ-თურქეთის კონფრონტაციამ, რამაც დიდი თავსატეხი გაუჩინა თურქეთის აფხაზურ დიასპორას და მასთან დაკავშირებულ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს.

 

აფხაზეთის ურთიერთობა დიასპორასთან პირველ რიგში მნიშვნელოვანია არა ეკონომიკური, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისით.

 

აფხაზი ხალხის წინაშე დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე დგას. ობიექტური გამოკვლევების თანახმად, აფხაზები მხარის მოსახლეობის მხოლოდ 40 პროცენტამდე შეადგენენ. აფხაზები დიდი ხანია ცდილობენ ამ საფრთხეს ებრძოლონ, ძირითადად უცხოეთიდან აფხაზური წარმოშობის პირების მოზიდვით, რასაც “რეპატრიაცია” უწოდეს.

 

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, რომლითაც რეპატრიანტად მიჩნეულ იქნენ და აფხაზეთში დაბრუნების უფლება მიეცათ მეცხრამეტე საუკუნეში, აფხაზეთიდან რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად გადასახლებულ ეთნიკურ აფხაზი (აბაზა) ხალხის შთამომავლებს. კანონის მეხედვით, აფხაზეთში ჩამოსული რეპატრიანტებისათვის (აფხაზური დიასპორის წევრებისათვის) გათვალისწინებულია იგივე სამოქალაქო და იურიდიული უფლებები, რაც აფხაზეთის მცხოვრებლებისათვის. მათ გადაეცემათ აფხაზური ე.წ. პასპორტები.

 

აფხაზეთში ჩასულ თურქეთის და სირიის მოქალაქეებზე – ე.წ. აფხაზ რეპატრიანტებზე, უსასყიდლოდ გაიცა 1993 წელს ეთნიკური წმენდის შედეგად სამშობლოდან განდევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. აფხაზეთის რეპატრიაციის კომიტეტი გადმოსახლებულებს უწევენ ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას.

 

თურქეთის რესპუბლლიკაში თურქეთის მოქალაქე ეთნიკური აფხაზების რაოდენობა 150 ათასამდეა. მათი მთავარი ორგანიზაცია არის თურქეთის აფხაზური საზოგადოებების ფედერაცია, რომლის მიზნებშია თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის (საკონსულოს) გახსნა, თურქეთ-აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის დაწყება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

 

თურქეთთან სავაჭრო-სამრეწველო კავშირების განვითარებაში მონაწილეობს აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, რომელთანაც შექმნილია თურქეთ-აფხაზეთის ბიზნეს საბჭო, სადაც ორმოცდაათამდე ადგილობრივი და თურქეთიდან ჩამოსული მეწარმე შედის. მისი ხელმძღვანელია თურქეთელი აფხაზი სონერ გოგუა.

 

თურქულ ფირმას ”ფრუქთის” ოჩამჩირის რაიონების სათბურებში მოჰყავს ბოსტნეული და ახდენს მის რეალიზაციას რუსეთის ბაზარზე. ”ფრუქთის” ამჟამად ახორციელებს 2 მილიონ ოთხასი ათასი დოლარის ღირებულების პრექტს კვების მრეწველობაში. მას ხელმძღვანელობს თურქეთელი აფხაზი ჯემალ ზვანბა.

 

თურქეთის მოქალაქებმა აითვისეს სამშენებლო სექტორი. აქ გამოირჩევიან სამშენებლო და ხეტყის დამამუშავებელი კომპანიები ევრა, სმოკ და ზეტასტროი, რომლებსაც ნიზამ ჰაფათი და იალჩინ არძინბა ხელმძღვანელობენ. თურქმა ბიზნესმენებმა აფხაზეთის კვების მრეწველობაშიც დაიმკვიდრეს ადგილი. ჰუსეინ აჰბამ სოხუმში გახსნა საკონდიტრო საწარმო ”ჩერეზ” და მასთან ტკბილეულის მაღაზია. აფხაზეთში თურქული ტექსტილის ნაწარმის გასაღებას ახდენს ტანსაცმლის მაღაზია ”ადლ” და ”ფაბრიკა”, რომელთა მფლობელია თურქი აფხაზი სუატ აძბა. თურქებმა გახსნეს მცირე კვების ობიექტები და კაფეები სოხუმის სანაპიროზე.

 

აფხაზური წარმოშობის თურქი ბიზნესმენების კუთვნილი გემები წლების მანძილზე, უკანონოდ იჭერენ ათასობით ტონა ქაფშიას აფხაზეთის სანაპიროსთან, ოჩამჩირეში თევზის ფქვილსა და ქონს აწარმოებენ და თურქეთში გააქვთ.

 

ტყვარჩელში მუშაობს თურქულ-აფხაზური კომპანია „ტყვარჩელნახშირი“, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 250 ათასს ტონა ქვანახშირს მოიპოვებს და ის თურქეთში გააქვს. თურქულ-აფხაზური კომპანია ”ხოჯალის ქვები” კოდორის ქედზე მოპოვებულ ბაზალტს თურქეთში აგზავნის. ეს საწარმოები აფხაზეთის პარლამენტის წევრის, თურქეთიდან ჩამოსული ბიზნესმენის ტაიფუნ არძინბას საკუთრებაა.

 

2016 წლის დასაწყისისთვის, თურქულ ბიზნესს აფხაზეთში ლიკვიდაციის საფრთხე შეექმნა. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა, რუსეთის ხელისუფლებისაგან პირდაპირი შანტაჟით და ზეწოლით, მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს, რის შედეგადაც თურქი ბიზნესმენები ვერ შეძლებენ აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას, აქ ინვესტიციების დაბანდებას, საქონლის გატანასა და შემოტანას. ლიკვიდაცია ემუქრება თურქულ კაპიტალთან დაკავშირებულ საწარმოებსა და სავაჭრო-დაწესებულებებსაც (კვების ობიექტები, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო საქონლით, ტექსტილით მოვაჭრე მაღაზიები). რუსეთ-თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის შემოღებით, თურქ ბიზნესმენებს გაურთულდებათ აფხაზეთში შემოსვლა, რასაც ისინი ადრე უპრობლემოდ ახერხებდნენ ფსოუს გამშვები პუნქტიდან.

 

თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები უკიდურესად ნეგატიურად შეხვდნენ აფხაზეთის ხელისუფლების ანტითურქულ სანქციებს. ერთი შეფასებით, თურქეთისათვის აფხაზური სანქციები კოღოს ნაკბენია, მაგრამ სერიოზულად დააზარალებს თვით აფხაზეთის ეკონომიკას.

 

აფხაზეთში თურქული ბიზნესი ძირთადად აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებით და მათი პარტნიორი ადგილობრივი კლანებით არის წარმოდგენილი.

 

თურქეთის აფხაზური საზოგადოებების ფედერაციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მიუხედავად აფხაზური წარმოშობისა, მუჰაჯირთა შთამომავლები პირველ რიგში თურქეთის მოქალაქეები არიან და არ გახდება მსჯელობის საგანი, თუ ვის მხარეზე დადგებიან ისინი თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაში.

 

უფრო რადიკალური განცხადებით გამოვიდა სტამბოლის კავკასია-აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტის თავმჯდომარე ერდეშან კობაში, რომელმაც დაგმო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვ. სურკოვის მიერ აფხაზეთის “დამოუკიდებელი სახელმწიფოს” ხელისუფლებაზე განხორციელებული შეურაცხმყოფელი ძალადობა, მიმართული თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტისაკენ. კობაშმა მოუწოდა აფხაზეთის ხელისუფლებას დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები. მან გააკრიტიკა რუსეთის ინიცირებით აფხაზეთის პარლამენტში უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ კანონის განხილვა და აფხაზეთის მიწაწყლის უცხოელებზე გაყიდვის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.

İlgili Yazılar

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak. Gerekli alanlar * ile işaretlenmişlerdir